რას საქმიანობდნენ სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და სხვა წარმატებული ადამიანები 25 წლის ასაკში

მსოფლიოში ბევრმა ცნობილმა და წარმატებულმა ადამიანმა კარიერულ აღმასვლას 30 წლის შემდეგ მიაღწია და ამისთვის საკმაოდ რთული გზის გავლაც მოუხდა.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ შეეცადა გაერკვია, რას საქმიანობდნენ 25 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები.

დონალდ ტრამპი

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს 25 წლის ასაკში მამამ კომპანია Elizabeth Trump & Son მართვა ანდო. დონალდ ტრამპი იმ მილიარდერების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ფუფუნებაში გაიზარდა და ქონების ნაწილი ოჯახისგან ერგო, თუმცა თავდაპირველად მამამ სამშენებლო ობიექტებზე ცარიელი ბოთლების შეგროვება დაავალა და ასე ასწავლა ფულის ყადრი.

ჯეფ ბეზოსი

„ამაზონის“ აღმასრულებელ დირექტორს ფინანსებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. 24 წლის ასაკში ბეზოსი საბანკო ინსტიტუციებისთვის განკუთვნილ დეველოპერულ კომპანიაში Bankers Trust მუშაობდა. ორი წლის შემდეგ ბეზოსი კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ლარი ელისონი

კალიფორნიაში გადაბარგების შემდეგ თვითნასწავლმა პროგრამისტმა რვა წლის განმავლობაში უამრავი სამსახური გამოიცვალა, სადაც სხვადასხვა სახის ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობდა. დღეს ლარი ელისონი პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კორპორაცია „ორაკლის“ აღმასრულებელი დირექტორია.

მარისა მეიერი

Yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი 24 წლის ასაკში „გუგლის“ მეოცე თანამშრომელი და კომპანიის პირველი ქალი-ინჟინერი გახდა. მარისა მეიერი „გუგლში“ 13 წლის განმავლობაში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ის Yahoo-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

მარკ ცუკერბერგი

25 წლის ასაკში მარკ ცუკერბერგს „ფეისბუქის“ განვითარებისთვის მუშაობის 5-წლიანი სტაჟი ჰქონდა. 2009 წელს, როცა „ფეისბუქის“ დამაარსებელს 25 წელი შეუსრულდა, სოციალური ქსელი პირველად გავიდა მოგებაზე, მისი მომხმარებლების რიცხვმა კი 300 მილიონს მიაღწია.

რიჩარდ ბრენსონი

რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი პირველი მაღაზია 20 წლის ასაკში გახსნა, 22 წლის ასაკში კი პირველი სტუდია. 23 წლის ასაკში ბრენსონმა პირველად ჩაუშვა ლეიბლი. ბრენსონის მიერ დაარსებული კომპანია „ვირჯინი“ საქვეყნოდ ცნობილი იყო, როდესაც მის დამფუძნებელს 30 წელი შეუსრულდა.

შერილ სენდბერგი

„ფეისბუქის“ მთავარ ოპერატიულ დირექტორს 25 წლის ასაკში უკვე დამთავრებული ჰქონდა ჰარვარდის ეკონომიკის ფაკულტეტი და მსოფლიო ბანკში მუშაობდა. 26 წლის ასაკში შერილ სენდბერგმა ჰარვარდში მაგისტრის წოდება მიიღო. 46 წლის სედნბერგი პირველი ქალია, ვინც „ფეისბუქის“ მმართველთა საბჭოში აირჩიეს. 2012 წელს ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს ას გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სტივ ჯობსი

Apple-ის თანადამფუძნებელი 26 წლის იყო, როდესაც პირველი მილიონი იშოვა, საკუთარი კომპანია კი საქვეყნოდ ცნობილი გახადა. 1980 წლის დეკემბერში Apple-ის გაყიდვების პირველი დღის დასრულების შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.