ისრაელის მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ

ისრაელის მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდნენ. კორესპონდენტთა ჯგუფი საქართველოში 21 ოქტომბერს ჩამოვიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტებს სარაჯიშვილის ქარხანაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. პრესტურის ფარგლებში, ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენლები კახეთს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვივნენ. მედიის წარმომადგენლებმა მცხეთა, თელავი, ყვარელი დაათვალიერეს. ვიზიტის ბოლო დღეს, 24 ოქტომბერს თბილისის ტურისტული მარშრუტები მოინახულეს და ისტორიული უბნები დაათვალიერეს. "ისრაელი საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ხვდება პირველ ათეულში. საქართველოში ისრაელიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 9 თვეში ისრაელიდან საქართველოს 47515 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით მეტია", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.