კვლევის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება დარღვევებით მიმდინარეობს

კომერციული ბანკების მხრიდან საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

როგორც ოთარ ნადარაიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გარკვეული გაუმჯობესებაა და ეს აისახება საქართველოს ეროვნულ ბანკში შესულ საჩივრებსა და ზარებზე, აშკარაა, რომ ამ მიმართულებით კომერციული ბანკების მიერ ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია. რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევას, კვლევაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, რომელშიც რეგიონული მასშტაბით 6 კომერციული ბანკი იყო ჩართული. "საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის" მოთხოვნებს კვლევის შედეგების მიხედვით, მოცემული ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთა ურთიერთობისას მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას და კვლევებს, განვიხილავთ ამ პრობლემის მოსაწესრიგებლად მარეგულირებელი ჩარჩოს გამკაცრებას", - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

მისივე თქმით, კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ძირითად შემთხვევებში, კომერციული ბანკები მომხმარებლებს ზეპირსიტყვიერად არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯები. ასევე მომსახურების გაწევის დროს არ ხდება პრეტენზიის დაფიქსირების შეთავაზება ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებელს თავის ინიციატივით, პრეტენზიის დაფიქსირების კუთხითაც შეექმნა პრობლემა. ასევე პრობლემები დაფიქსირდა ხელშეკრულების გადაცემასთან დაკავშირებითაც. ეროვნული ბანკის ინიციატივით, ანალოგიური კვლევა "შემნახველი ბანკების ფონდმა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" 2012 წელსაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კვლევის ჩატარების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, აღნიშნული პრობლემების დარეგულირება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს.  "საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი" საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორს 2011 წლიდან შესთავაზა და ეს იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მთავარმა ბანკმა საფინანსო სექტორის მომხმარებელთან უფლებების დაცვის მიზნით განახორციელა.