24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 100 მლნ ლარზე მეტი გამოიყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი პირები კომპანია ILF-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს უწევს ზედამხედველობას. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საქართველოს 24 ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი გახლდათ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასეს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. "სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება", - აცხადებენ სამინისტროში.