ყველაზე გულუხვი მილიარდერები

ამერიკელმა ფილანტროპმა ენდრიუ კარნეგიმ ერთხელ თქვა: „ვერცერთი ადამიანი ვერ გახდება მდიდარი სხვების დახმარების გარეშე და ადამიანი, რომელიც კვდება მდიდარი, კვდება შერცხვენილი“.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარ ქონებას ქველმოქმედებას ახმარს. კომპანია Wealth-X-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გულუხვი და ხელგაშლილი ადამიანების რეიტინგი შეადგინეს. აღნიშნული სიის სათავეში „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი, ბილ გეითსი მოექცა, რომლის ქონებაც 84 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. მან დღემდე 27 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა. რეიტინგში მეორე ადგილს ამერიკელი ინვესტორი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი იკავებს, რომელმაც დონაციის სახით 21,5 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გასცა. მესამე ადგილასაა ასევე ამერიკელი მილიარდერი, ჯორჯ სოროსი. მისი ქონება 24,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. სოროსის მიერ ქველმოქმედებისთვის დახარჯული თანხა 8 მილიარდ დოლარს აღწევს. მეოთხე ადგილს ასევე 8 მილიარდი დოლარის ოდენობის დონაციით ინდოელი აზიმ პრემჟი იკავებს. მეხუთე ადგილზე კი ამერიკელი ბიზნესმენი ჩარლზ ფინი გავიდა, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებას მოახმარა. მან 6 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა გასცა. თავად კი მხოლოდ 1,5 მილიონი დოლარის ამარა დარჩა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მილიარდერს მილიარდების გარეშე.

ათეულში ასევე მოხვდნენ არაბი სულეიმან აბდულ აზიზ ალ-რაჯი, 5.7 მილიარდი დოლარის ოდენობის დონაციით და მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ 4 მილიარდით. ოცეულში შევიდა „ფეისბუქის“ დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგიც. მისი ქონება 40,7 მილიარდს შეადგენს, მან ქველმოქმედებას 1,6 მილიარდი დოლარი მოახმარა.