ჩაქვში მექანიზაციის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაბა ჩაქვში შპს ,,მექანიზატორის" სერვისცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერვისცენტრი 48 ერთეულ ტრაქტორზეა გათვლილი. ცენტრის ადმინისტრაციული შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებული იქნება ბანკი და ოფისები, ხოლო მეორე სართულზე საკონფერენციო დარბაზი და სასადილო მომსახურე პერსონალისთვის. ცენტრში მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, აგრეგატებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობები, ბოქსები, სამრეცხაო, ვულკანიზაცია და სახარატოც მოეწყობა.

დღეისათვის, ჩაქვის სერვისცენტრში მობილიზებულია 28 ერთეული ტრაქტორი და 85 ერთეული აგრეგატი. აღნიშნული ტექნიკის მომსახურების ზონაში ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტები, ასევე ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები შედის. დაბა ჩაქვის სერვისცენტრში 10 კაცი, როგორც ადმინისტრაციული პერსონალი, ხოლო 32 - ტექნიკის ოპერატორებად და ბრიგადის მენეჯერებად დასაქმდება.