საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ენერგეტიკული ურთიერთობების საკითხები განიხილეს

საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განუცხადა, საუბარი შეეხო საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტს, გადაწყვეტილი იქნა გარკვეული ტექნიკური საკითხები. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც სომხეთსა და საქართველოს და სომხეთსა და ირანს დააკავშირებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გეგმავს თუ არა სომხეთი "გაზპრომიდან" მიღებული გაზის მოცულობის გაზრდას, რაზეც მან უპასუხა, რომ აუცილებლად.  "თუ გვექნება საშუალება, გავზარდოთ გაზის მოცულობა, აუცილებლად მივიღებთ ამ გაზს "გაზპრომისგან", - განაცხადა ზახარიანმა.

მისივე თქმით, სომხეთი რუსეთისგან გაზს 1 000 კუბურ მეტრს 165 დოლარად იღებს.