ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართავს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ხალვაში არხის თანამშრომლებს ჰპირდება, რომ მათგან "არც ერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან". "კიდევ ერთხელ მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი. ძალიან კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეპატრონის, მიხეილ სააკაშვილის და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან. მესმის და ვხვდები, თუ როგორ უნდათ გაქციონ სიტუაციის მძევლებად, როგორ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, იმისთვის, რომ გაგწირონ და შეწირონ თქვენი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი, თქვენი სიცოცხლეც კი საკუთარი ამბიციებისა და ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას. მე გარწმუნებთ და გპირდებით, რომ თქვენგან არც ერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან", - აცხადებს ხალვაში.

გარდა ამისა, ბიზნესმენი ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ "რუსთავი 2"-სგან ხელები შორს წაიღოს. "მივმართავ სისხლიან ტერორისტ მოძალადე სააკაშვილს! კმარა, რაც ატერორე საქართველოს მოსახლეობა! კმარა, რაც ატერორე ბიზნესმენები, გადაუწვი და ჩამოართვი საკუთრება, დაუნგრიე ცხოვრება! კმარა, რაც ატერორე "რუსთავი 2" და იძალადე თავისუფალ სიტყვაზე! ხელები შორს "რუსთავი 2"-სგან", - აცხადებს ხალვაში.