კომერციული ბანკებისთვის სარისკო სექტორები - რატომ შემცირდა ეკონომიკის ზოგიერთ დარგში სესხების გაცემა

კომერციული ბანკების მიერ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებზე გაცემული სესხები შემცირდა.

ამის შესახებ "საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. ამავე ინფორმაციით, 2015 წლის 1 ივლისის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე გაცემული სესხები ჯამურად, 441 მილიონი ლარით არის შემცირებული. ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" შემდეგი მოსაზრებით ხსნის: "აღნიშნული მაჩვენებლები ამ სფეროების განვითარების უარყოფით ტენდენციებზე მიუთითებს. მთავრობის მცდელობის მიუხედავად (რომელიც გამოიხატა პროგრამით "აწარმოე საქართველოში" და "თანაინვესტირების ფონდის" შექმნით), სოფლის მეურნეობასა და მეწარმეობაში მიღწეული შედეგები ჯერჯერობით არ არის დამაკმაყოფილებელი და ეს საკითხი მეტ ყურადღებას მოითხოვს როგორც მთავრობის, ასევე კერძო ბიზნესის მხრიდან".

2015 წლის 1 ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მხოლოდ 1% მოდის განათლებაზე. სოფლის მეურნეობის დარგზე, რომელიც მეტყევეობასა და თევზჭერასაც მოიცავს, გაცემული სესხების 4% მოდის. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე გაცემული სესხების ოდენობა 5%-ს, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე კი ასევე 5%-ს შეადგენს.

რატომ გაიცემა განათლების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ან ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგებში ნაკლები სესხი კომერციული ბანკების მიერ მაშინ, როდესაც ისინი აქტიურად გასცემენ სესხებს, მაგალითად ვაჭრობის სფეროში? ამ შეკითხვაზე "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე პასუხობს, რომ ვაჭრობისა და ტურიზმის დარგები ბანკებისთვის ნაკლები რისკის შემცველია.

"საქართველოში მომსახურებითი ეკონომიკა საკმაოდ აქტიურია. მაგალითად ვაჭრობა, ტურიზმი. ამ მიმართულებით, ბანკები ცდილობენ დამატებითი თანხები, სესხები გასცენ. მათთვის ეს დარგები ნაკლებად სარისკოა. პირველადი საჭიროების პროდუქტების მოხმარებას და ზოგადად, სურსათის მოხმარებას, ყოველთვის ყველაზე დიდი წილი აქვს, სამომხმარებლო კალათაში. შესაძლოა, ადამიანმა რაღაც მოიკლოს, მაგრამ პირველადი საჭიროების პროდუქტებს ვერ მოიკლებს. ასევე აქტიურია ტურიზმი. ტურისტების რაოდენობის პროცენტული ზრდა შენელდა, მაგრამ საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ეს ახალისებს ტურისტულ სექტორს იმისთვის, რომ დამატებითი სესხები მოიზიდოს. შარშანაც ვაჭრობა იყო ლიდერი, ასევე მრეწველობა, მაგრამ ძალიან ნაკლები გაიცა განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე", - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემას განსხვავებული კუთხით განიხილავს და აღნიშნავს, რომ ქართულ ეკონომიკაში რეალური რესურსების რაოდენობა არ შემცირებულა.

"სესხების გაცემის შემცირება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ კონიუნქტურასთან. საქართველოში ამაზე გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზრის მდგომარეობა, წარმოების შედარებით დაბალი ტემპი და შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მართალია პერსპექტივაში გათვლილია, რომ საპროცენტო განაკვეთები თანდათან დაბლა დაიწევს, მაგრამ ჯერჯერობით, საშუალო ევროპულ დონესთან შედარებით, მათი სიდიდე საკმარისზე მაღალია.

გავითვალისწინოთ, რომ გასული წლიდან მოქმედებს საქართველოში პროგრამა "აწარმოე საქართველოში". გარკვეულწილად, გარანტორად სახელმწიფო გამოდის და სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით ხდება გარკვეული ბიზნესების წამოწყება. ამიტომ, თუ არის საშუალება, რომ სახელმწიფოსგან მიიღონ ასეთი დახმარება, რომელი ბიზნესი დაიწყებს სესხების აღებას? ეკონომიკას მთლიანობაში უნდა შევხედოთ - რა რაოდენობის კაპიტალი მოძრაობს და არა ის განვიხილოთ, ბანკებიდან რამდენი წამოიღეს ან არ წამოიღეს", - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

თამარ კორკოტაშილი