ათასობით სსიპ-ის შემოსავალი მილიარდ ლარზე მეტია

ხაზინის მომსახურებაზე 563 სსიპ-ი და ააიპ-ია, რომელთა ჯამური შემოსავალი 800 მილიონამდეა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ახალი წლიდან, ხაზინის ანგარიშზე გადასული სსიპ-ებისა და ააიპ-ის რაოდენობა 1200-ს მიაღწევს. ამ მაჩვენებელში არ შედის მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სსიპ-ბისა და ა(ა)იპ-ები 2 ათასს აღწევს, მათი საერთო შემოსავალი კი მილიარდზე მეტია. სპეციალისტების განცხადებით, ეს არის გაუმჭვირვალე, მახინჯი სისტემა, რომელსაც ყველა ხელისუფლება კომფორტულად მოერგო.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ხაზინის მომსახურებაზე აქტიური სტატუსით არის 563 ორგანიზაცია (სსიპ/ა(ა)იპ), მათ შორის: სსიპ - 278, ხოლო ააიპ - 285. ჯამში 10 თვის მონაცემებით, ამ ორგანიზაციების ჯამურმა შემოსულობებმა 736 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან სახაზინო მომსახურებაზე გადავა დამატებით 632 ა(ა)იპ- შესაბამისად, ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ამ ორგანიზაციების რაოდენობა 1195-ს მიაღწევს. მათ შორის: სსიპ - 278, ა(ა)იპ - 917.

იურისტი ლევან ალაფიშვლი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ბთან მიმართებაში აუცილებლად უნდა შეიმუშაოს ერთიანი მიდგომა, მით უმეტეს გამოცხადებული საჯარო მმართველობის რეფორმის კონტექსტში.

"ვფიქრობ, სისტემური გაუმართაობა საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს შექმნის", - ამბობს ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში თითქმის იმდენივე ადამიანია დასაქმებული და სახელფასო ანაზღაურებისთვის იმდენივე თანხა გაიცემა, რამდენიც საჯარო სამსახურში. "ეს ძალიან ცუდია. საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო იურიდიული პირები და სახელმწიფო საწარმოები დასაქმების ბიუროებად იქცა. რიცხოვნობას რაც შეეხება, სისტემური მოწესრიგების ნაცვლად, ეს მაჩვენებელი მზარდია. არაერთი სსიპ-ი შეიქმნა უკანასკნელ პერიოდში, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნებაც" კომფორტულად გრძნობს თავს ძველ სისტემაში", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაციები გამოიყენება სხვადასხვა პროექტის მართვისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან და არც კომერციულ ბიზნესსაქმიანობასთან. დღეს უკვე სახელმწიფო ორგანიზაციები ბიზნესს კონკურენტებადაც ევლინებიან. მათ ხელთ არსებული მძლავრი სახელმწიფო ბერკეტების საშუალებით არსებობს საშიშროება გარკვეულ ბიზნესში მონოპოლისტებადაც მოგვევლინონ. ალაფიშვილს მაგალითად საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 მოჰყავს. ამ ორგანიზაციამ ახალი ფასიანი სერვისის მიწოდება დაიწყო მოსახლეობისთვის - ავტომანქანების ევაკუაცია. "სირცხვილით დავიწვი ეს განცხადება რომ მოვისმინე. გამოდის, რომ 112 უპირობოდ ბიზნესში შევიდა. იგივე ხდება რეესტრებთან მიმართებაში. დაცვის პოლიციაში ხომ საერთოდ მახინჯი სისტემაა", - ამბობს ალაფიშვილი. დაცვის პოლიცია თავად ეწევა დაცვის მომსახურებას და ამავე დროს კონკურენტ კომპანიებს ლიცენზიებსაც აძლევს.

"საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, პრობლემაა ე. წ. საკუთარ შემოსავლებში, რაც ხშირ შემთხვევაში საბიუჯეტოზე მეტია. სხვათა შორის ეს შემოსავლები იყო სუბიექტური მართვის საშუალებაც. მაგალითად, თუ რომელიმე სამინისტროს მივლინებებისთვის, ავტომობილების შეძენისთვის თანხა არ ჰქონდა, მიმდინარე მოთხოვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან ფინანსდებოდა. ეს არის ორი პარალელური სივრცე, რომელიც საბიუჯეტო კანონმდებლობით რეგულირდება - ანგარიშგება, აღრიცხვა. იმავდროულად მათი გამჭვირვალობა-ადმინისტრირება შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელფასი მინისტრის მოადგილეზე მეტი არ უნდა იყოს. სსიპ-ებში კი ხელფასები საკმაოდ დიდია", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

კანონის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკვებული ორგანიზაცია. იგი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სახელმწიფო კი ამ მომსახურებისთვის მოსხალეობას დამატებით გადასახადებს უსაზღვრავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე მცირეა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა, მეწარმეს სხვადასხვა მომსახურების მისაღებად სოლიდური თანხის გადახდა უწევს. ამ პროცესს კი ხელისუფლება მეწარმესთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას ეძახის. მაგალითად, ექსპერტები და მეწარმეები ხშირად აღნიშნავენ, რომ საგადასახადო კოდექსში ორაზროვანი მუხლები ძალიან ბევრია, შესაბამისად, საგადასახადო ინსპექტორს შეუძლია, რომ მეწარმეს ნებისმიერ საკითხში მოედავოს და დააჯარიმოს. თუკი მეწარმეს სურს, რომ საეჭვო საკითხზე პასუხი მიიღოს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს, ფული უნდა გადაიხადოს- 5 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე. ასევე, მეწარმემ ვადაგასული პროდუქტი საგადასახადო ინსპექტორის თანდასწრებით უნდა ჩამოწეროს. ამ მომსახურებისთვის მინიმალური გადასახადი 300 ლარიდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეს, შესაძლოა, სულაც 100 ლარის საქონელი ჰქონდეს ჩამოსაწერი. საჯარო დაწესებულებების კომერციალიზაცია 2005 წლიდან დაიწყო და მიმდევნო წლებში სსიპ-ებისა და აა(ა)პ-ების შექმნამ სისტემური ხასიათი მიიღო.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების მიღება, კონსულტაცია, სარჩელების განხილვა (გარდა სასამართლოში) უნდა იყოს უფასო. ამ შემთხვევაში მთავრობამ უნდა გააუქმოს გადასახადები და აღნიშნული სახელმწიფო სტუქტურები მოსაკრებლებით შეინახოს. "სსიპ-ებისა და აიპებ-ის ორგანიზაციების შექმნის პროცესი ისეთი მზარდია, რომ მალე რამდენიმე ათასს გადააჭარბებს. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გადააფასოს რეალურად რომელი ორგანიზაცია სჭირდება, დანარჩენი კი გააუქმოს. მესმის, რომ ამ ორგანიზაციებში უამრავი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც ფულს სტაცებს მოქალაქეებს და უკვე ბიზნესსაც კონკურენციას უწევს", - ამბობს ზვიად კანდელაკი.

სპეციალისტების განცხადებით, უნდა შემუშავდეს ერთიანი კონცეპტუალური მიდგომა თუ რომელ სერვისს იტოვებს სახელმწიფო და რომლის განკერძოება არის შესაძლებელი. მთავრობის დადგენილება და ანგარიში არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა პრინციპით შეირჩა საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან რა გათვლებით განისაზღვრა მათი მომსახურების ტარიფები.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"