ქობულეთის შემოვლით გზაზე საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ლითანიშვილმა ქობულეთის საავტომობილო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე 295-მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს. სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალ ავსტრიული მეთოდის გამოყენებით, დროებითი სამაგრების მოწყობა ხდება, რომელიც დეფორმაციის კუთხეებს ზუსტად აჩვენებს და შესაძლებლობას იძლევა, საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე სულ 2 გვირაბი აშენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18-კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209 000 ლარია.