გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას საბანკო სექტორზე უარყოფითი გავლენა არ ექნება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას საბანკო სექტორზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ ექნება.

ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც წულუკიანი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესზე, ბანკებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ქადაგიძის თქმით, დაუყოვნებლივი აღსრულება ბანკების მიერ გამოიყენება უკიდურესად იშვიათად, ამიტომ ვერანაირი მატერიალური ზიანის მომტანი ეს ვერ იქნება.  "უფრო მეტიც, ერთ-ერთ ბანკს ისედაც აქვს გასაჩივრებული ეს ნორმა დაუყოვნებლივი აღსრულების სხვა მიზნით, მასაც აქვს საკონსტიტუციო სარჩელი შეტანილი, ამიტომ საბანკო სექტორზე ამას არანაირი უარყოფითი გავლენა არ ექნება", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.