ქართული წარმოების ჩანთები, რომლებსაც გარანტიით ყიდიან

პროექტის ”იყიდე ქართული” ფარგლებში, "მედია პალიტრა" ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად ”პალიტრა TV”-ისა და AMBEBI.GE-ს გადამღები ჯგუფი ჩანთების საწარმოსა და მაღაზიას ეწვია. ”გეფერინი” (GEPHERRINI) - ასე ჰქვია ჩანთებისა და აქსესუარების ქართულ ბრენდს.

”გეფერინი” ერთი წლის წინ დაარსდა. ბრენდის სახელწოდება დამფუძნებლის გვარიდან - გეფერიძიდან მომდინარეობს. საწარმო, რომელიც 22 დანადგარითაა აღჭურვილი, სოფელ დიღომშია განთავსებული. ფაბრიკაში სამი დიზაინერი და 12 მკერავია დასაქმებული. ჩანთებისა და აქსესუარების შესაკერად ტყავი ან ტყავის შემცვლელი გამოიყენება. მასალა, ძირითადად, თურქული, ნაწილობრივ კი ქართულია. კოლექციები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთებს მოიცავს.

პროდუქციის ღირებულება 19-დან 250 ლარამდე მერყეობს.”გეფერინის” პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე გადის. ბრენდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში გამართულ ”ფეშენ ვიქზე”, სადაც გერმანელი და უკრაინელი მყიდველები დააინტერესა.