საქართველოში, შესაძლოა, აგროდაზღვევის თურქული მოდელი დაინერგოს

თურქეთში არსებული აგროდაზღვევის საკმაოდ წარმატებული მოდელი შესაძლოა, საქართველოშიც დაინერგოს. ამის შესახებ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ პალიტრა TV-ს გადაცემაში ”საქმე” განაცხადა.

”თურქეთში საკმაოდ წარმატებული მოდელი მუშაობს. არის ცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელიც მართავს აგროდაზღვევის იმ პროცესებს, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს. ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ მოდელის საქართველოში განხორციელება. ამჟამად შეფსების პროცესი მიმდინარეობს. შესაძლებელია, თურქეთის მოდელი ერთი ერთში არ გადმოვიღოთ და ეს ასე ვერც იქნება, რადგან არსებობს რიგი განმასხვავებელი გარემოებები”, - აღნიშნა ლევან მაღრაძემ.

მისი განმარტებით, თურქეთის ცენტრალიზებული ორგანიზაცია უზრუნველყოფს აგროდაზღვევას. უზრუნველყოფს იმ შემფასებლების, ექსპერტების სერტიფიცირებას, რომლებიც ზარალის მომენტში უნდა მივიდნენ, უზრუნველყოფს სტაბილურობას - მრავალწლიან, გრძელვადიან გეგმებს სახავს და სადაზღვევო კომპანიებს და ამ პროცესში ჩართულ პირებს ინვესტირების მოტივაციას უჩენს, იქნება ეს რეგიონში ფილიალის გახსნა თუ კადრების აყვანა მეტი სტიმულირებისთვის.

„გარდა იმისა, რომ სერვისები და ხარისხი იქნება მაღალი, საქართველოში ფერმერს ეს მოდელი მრავალმხრივ შეიძლება წაადგეს: ჩვენი მომავალი პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ დაფარვა იყოს მაქსიმალური, რომ ყველა რეგიონში უფრო მეტმა ადამიანმა შეიძინოს დაზღვევა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მიღებული პრემიით სადაზღვევო კომპანიებმა გააიაფონ პროდუქტი. სუბსიდირების და ბენეფიციარის თანადაფინანსების კუხით კი შემცირდეს გადასახადი”,- აღნიშნა ლევან მაღრაძემ.