"მაგთისატის" აბონენტების რაოდენობა მცირდება

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური მონაცემებით, "მაგთისატის"  აბონენტების რაოდენობა მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით შემცირებულია. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს მონაცემებით, "მაგთისატს" 118 648 აბონენტი ჰყავდა, ერთ თვეში მათი რაოდენობა 117 606-მდე შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ "მაგთიკომს" ასევე შეუმცირდა მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლებიც. მაგალითად, "მაგთიკომმა" მიმდინარე წლის აგვისტოში, "მაგთისატით" გაწეული მომსახურებისთვის შემოსავლის სახით 716 274 ლარი მიიღო, ხოლო სექტემბერში აღნიშნულმა შემოსავალმა უკვე 661 853 ლარი შეადგინა. როგორც ჩანს, აღნიშნული გამოწვეულია საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით, როცა "სეთ თოფ ბოქსის" დახმარებით მომხმარებელს შეუძლია მაღალი ხარისხის სატელევიზიო სიგნალი მიიღოს და სატელევიზიო არხების გაცილებით მეტი რაოდენობა მიიღოს, ვიდრე ამას "მაგთისატის" მინიმალური - 10 ლარიანი სამომხმარებლო პაკეტი სთავაზობთ. სწორედ ამ მიზეზით, განსაკუთრებით რეგიონებში, აბონენტების გარკვეულმა რაოდენობამ უარი თქვა "მაგთისატის" მომსახურებაზე და "სეთ თოფ ბოქსი" შეიძინა, რომელიც მრავალფეროვან კონტენტთან ერთად, ბევრად უფრო შეღავათიანიცაა. ასევე აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა როგორც "სილქნეტის", ისე "კავკასუს ონლაინის" აბონენტების რაოდენობა.

კომუნიკაციებს მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, "მაგთიკომს" შემოსავლები შემცირებული აქვს მობილური კავშირგაბმულობის თვალსაზრისითაც და სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით კლებამ 586 441 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში შემოსავლების უმნიშვნელო კლება დააფიქსირეს ასევე "ჯეოსელმა" და "მობიტელმა".