დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ლიტვაში იმყოფება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 4-5 ნოემბერს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრის რანგში, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ოფიციალური შეხვედრების მუშაობაში, რომელთაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართავს.

სამინისტროს ცნობით, 5 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, როგორც საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარე, მონაწილეობას მიიღებს კომისიის პირველი სხდომის მუშაობაში. მისი დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილი თავის ლიტველ კოლეგასთან ერთად, ხელს მოაწერს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც აისახება ორი ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.