აშშ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მნიშვნელობას ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატები ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ინიციატივის მნიშვნელობას "ახალი აბრეშუმის" გზის პროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს შესახებ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის კომისია რეგიონში საქართველოს, როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბის, მზარდ ეკონომიკურ როლს მიესალმება, რასაც ახლახან გამართული აბრეშუმის გზის ფორუმიც ადასტურებს. "სტრატეგიული პარნტიონობის კომისია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.  აშშ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის, სოფლის მეურნეობის, გარემოს, ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროებში", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი განცხადება უწყების ვებგვერდზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.