აშშ „დოიჩე ბანკს“ 258 მილიონი დოლარით დააჯარიმებს

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, გერმანულ „დოიჩე ბანკს“ ჯარიმის სახით 258 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

როგორც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გერმანულმა ბანკმა აშშ-ის მიერ რიგი ქვეყნების მიმართ დაწესებული სანქციები დაარღვია.

„დოიჩე ბანკმა“ 58 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს ფედერალურ სარეზერვო სისტემას, 200 მილიონი დოლარი კი ნიუ იორკის საფინანსო მომსახურების სამმართველოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე ხნის წინ Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას გააჩნია მტკიცებულება, რომ „დოიჩე ბანკის“ რამდენიმე ფილიალი იმ ქვეყნებთან მუშაობდა, ვისაც აშშ-მა სანქციები დაუწესა. საუბარია ირანზე, ლიბიაზე, სირიასა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოზე. ყველა შემთხვევა 1999-2006 წლის პერიოდს განეკუთვნება.