ჯარჯი აქიმიძე: ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით

"რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელის, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, შეთანხმდნენ სამ პუნქტზე, რომელიც განუხრელად, ყველა მხარემ უნდა დაიცვას. ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ჩვენ ბატონ ქიბართან დავსხედით და შევთანხდმით სამ პუნქტზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ქვაკუთხედი ჩვენი თანამშრომლობის. თუ ამას დავიცავთ, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა შედგება.  პირველი პუნქტი: ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლოს ისე ოპოზიციურს, საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინიპებზე დაყრდნობით. ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა იქედან გამომდინარე, რომ დღეს "რუსთავი 2" არ არის პოლიტიკური ძალისგან გათავისუფლებული. დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში მყოფი, რომელიც აკეთებს იმას, რაც უნდა სააკაშვილს. ჩვენ გვინდა, "რუსთავი 2" არ იყოს არც სააკაშვილის, არც ივანიშვილის და არც ერთი პარტიის. მეორე: ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიქტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა. იქნება მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა.  მესამე: ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობით და პოლიტიკური დაკვეთით. აქ არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ მისი დამოუკდიებლობის გარანტი", - განაცხადა აქიმიძემ.