ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით შემოსავლების სამსახურის ტექნიკითა და მოწყობილობებით აღჭურვა გრძელდება

ფინანსთა სამინისტრო გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესებისა და საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია ჩინეთის მთავრობამ, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სპეციალური საბაჟო-საინსპექციო აღჭურვილობა გადასცა. ჩინეთის მთავრობა განაგრძობს ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერას. ჩინეთის მთავრობამ დღეს, ქართულ მხარეს ამჯერად კონტეინერის შემოწმების სისტემა და მგზავრთა და ტვირთების უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებები გადასცა. შესაბამის დოკუმენტს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იუე ბინმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.

მისასალმებელ სიტყვაში ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას."საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბატონ ლი კეციანის შეხვედრისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. საქართველო, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურ როლს თამაშობს რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით და ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი მხარდაჭერა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგებისა და შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით.  აღნიშნული მოწყობილობები ქართულ მხარეს "საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გადაეცა, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა 2013 წლის 16 დეკემბერს მოაწერეს ხელი.  შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილი გრანტის, 30 მილიონი იუანის მეშვეობით მოხდა კონტეინერების ავტომატური შემოწმების სისტემების შეძენა, განხორციელდა მათი ინსტალაცია და ქართველი მებაჟე-ოფიცრების გადამზადება. აღნიშნული აღჭურვილობა, უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას. ის ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და შეამცირებს საბაჟო პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.