"წილობრივ საკითხთან დაკავშირებით ეროსის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული"

"რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ პროცესებში აუცილებელია საუბარი იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში, ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იყო ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და ის იყო წილის მფლობელი.

"ამ სიტუაციაში, როდესაც "რუსთავი 2"-ის მფლობელობის პრეტედენტები გამოჩნდნენ და მიმდინარეობს ეს პროცესი, აუცილებლად უნდა იყოს ეროსი კიწმარიშვილზეც საუბარი იმ კონტექსტში, რომ ის იყო ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი მფლობელი და მას გააჩნდა "რუსთავი 2"-ის მმართველობის წილობრივი მფლობელობა. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მომენტი როდესაც შემდგომ ინსტანციებში ეროსის ინტერესებზეც იქნება საუბარი. ეროსის ოჯახის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული წილობრივ საკითხთან დაკავშირებით და თუკი სასამართლო პროცესი წარიმართება დამოუკიდებლად, ამ მოცემულობაში მისი ინტერესებიც უნდა იყოს დაკმაყოფილებელი. ია კიწმარიშვილს ამის თაობაზე აქვს თავისი მოსაზრება და თუ საჭირო გახდება, თავად გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას და შესაძლებელია გარკვეულ პროცესებშიც მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

ამასთან, ზურა კიწმარიშვილი გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეროსი კიწმარიშვილისთვის თანხის გადახდის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს თანხა რომ ყოფილიყო გადახდილი, ამას იგრძნობდა.  "ქიბარ ხილვაში ამბობდა, რომ რაღაც თანხები გადაუხადეს ეროსის. ადრე სხვა ვერსია მესმოდა. დღეს გავიგონე, რომ მან ვიღაცას მისცა თანხა, მერე ვიღაცამ ვიღაცას ეს თანხა მიუტანა, მერე კი იქიდან ეროსისთან მივიდა. მე პირადად ამის შესახებ არაფერი ვიცი. მე თვალით არ მინახავს არანაირი თანხა. შესაძლებელია ეს რეალურად იყო კიდეც, მაგრამ მე არ მინახავს. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი და ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თანხა რომ ყოფილიყო გადახდილი, ამას ვიგრძნობდი, ამას იგრძნობდა ჩემი ოჯახი", - განაცხადა კიწმარიშვილმა.