ქიბარ ხალვაშის განცხადებით, რუსთავი 2-ში ხელფასები დაბალანსდება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის, რეზო საყევარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია არ იგეგმება, - ამის შესახებ საყევარიშვილმა დღევნდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას შეკითხვა დაუსვეს, როდესაც "ტელე-იმედის" ხელმძღვანელი გახდა, ამბობდა, რომ არ მოხდებოდა საკადრო ცვლილებები, თუმცა "იმედში" საინფორმაციო სამსახურის რეორგანიზაცია მოხდა. "იმედში" მოხდა არხის მთლიანი რეორგანიზაცია და ეს არ შეხებია მხოლოდ საინფორმაციო სამსახურს. "რუსთავი2"-ში მსგავსი არაფერი მოხდება", - აღნიშნა საყევარიშვილმა.

ამავე თემაზე ისაუბრა ქიბარ ხალვაშმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანია კომერციულად გამართული უნდა იყოს, რის გამოც ხელფასების დაბალანსება მოხდება.  კერძოდ, ხალვაშის თქმით, არ არის მართებული, როდესაც აღნიშნულ პირობებში ადამიანებს 30 და 45 ათასი აქვთ ხელფასი და მოხდება რეალური თანხის შეთავაზება, თუმცა ეს არ მოემსახურება ვინმეს დამცირებას. ხოლო თუკი ვინმეს შეთავაზებული პირობები არ დააკმაყოფილებს, ასეთ შემთხვევაში, შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვოს ტელევიზია.  ასევე, ხალვაშის თქმით, მისი მიზანია, ჟურნალისტების მაქსიმუმი შენარჩუნდეს, რათა "ვინმემ არ თქვას, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება".

აქვს თუ არა დროებით მმართველს სამართლებრივი უფლება, ფინანსების განკარგვის გარდა, სამართლებრივი დავის დასრულებამდე მოახდინოს საკადრო ცვლილებები, ამ შეკითხვას ხალვაშის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პაატა სალიამ უპასუხა.  მისი თქმით, დროებით მმართველს სამართლებრივად, ეს უფლება არ ეზღუდება.