"Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015" 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

"Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015"-ი გუშინ დედაქალაქის საკრებულოს დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბაიერები, დიზაინერები, ბლოგერები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.  მოდის კვირეული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით დაიწყო. ავთანდილის ჩვენების შემდეგ, მოდის მოყვარულებმა მთაწმინდაზე გადაინაცვლეს. მოდის ბომონდს ჟურნალმა "ბომონდმა" აფთერ ფართიზე უმასპინძლა. "Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015" 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძლდება.

როგორც კვირეულის ორგანიზატორები აცხადებენ, "Mercedes-Benz Fashion week თბილისი 2015" - ეს მოდისა და ძვირფასი ავტომობილების სამყაროს გაერთიანებაა. კვირეულის ფარგლებში ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებების პარალელურად "თბილისი მოლის" Showroom-ში წარმოდგენილი იქნება Mercedes-Benz-ის ახალი მოდელები. ამ აქციის მთავარი იდეაც ის არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ტრადიციების, მოდური ტენდენციების და აღქმის ჩვენება მოხდეს.

20 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ანალოგიური მოდის კვირეულები ტარდება მოსკოვში, სტამბულში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, კიდევ სხვა მრავალ ქალაქში, მსოფლიოს 50 ქვეყანაში. ის ხელს უწყობს დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ გავლენიან ფიგურებს შორის. მოდის კვირეულის მთავარი პარტნიორია Mercedes-Benz. კვირეულის პარტნიორები არიან "კოკა-კოლა", "ფერერო როშე", "სამსუნგი", "თბილისი მოლი" და "ბომონდი".