ირანმა ამერიკული პროდუქციის იმპორტი აკრძალა

ირანმა ამერიკული საყოფაცხოვრებო პროდუქციის იმპორტი და გასაღება აკრძალა.

როგორც ისლამური რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა მუჰამად რეზა ნემატზადემ განაცხადა, აღნიშნული ზომა ადგილობრივი მრეწველობის ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.

„საჭიროა იმ პროდუქციის აკრძალვა, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის ყოფნას სიმბოლურად გამოხატავს“, - განაცხადა მინისტრმა.

მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე იკრძალება ქვეყნის მასშტაბით ყველა მაღაზიასა და სავაჭრო ცენტრში ამერიკული პროდუქციის დემონსტრირება და მისი ხსენებაც კი.

ოფიციალურმა თეირანმა ამერიკული პროდუქციის იმპორტი მას შემდეგ აკრძალა, რაც ქვეყნის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის მოუწოდა, „წინააღმდეგობის ეკონომიკის“ სახელით ცნობილი პროგრამა დაიწყოს. აღნიშნული პროგრამა იმპორტირებული საქონლის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას გულისხმობს.