მიხეილ დუნდუა: ყველაფერი კარგად იქნება

საზოგადოება 20\30 საქართველოს "ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხზე" სასტუმრო "თბილისი მარიოტში" რიგით მეორე ფორუმს მართავს. ფორუმში ეკონომიკური ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც არსებულ პრობლემებზე, რისკებსა და პერსპექტივებზე მსჯელობენ "ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მიმართულებით რეიტინგებში წინსვლა გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების მიხედვით, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მიუხედავად რეიტინგებში არსებული წინსვლისა, ყველა პრობლემა დავაფიქსიროთ, შევკრიბოთ, ავკინძოთ და შემდეგ მივცეთ მსვლელობა საზოგადოება 2030-ის მხრიდან. ჩვენი საზოგადოება სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ბიზნესწრეებში არსებული პრობლემატიკა მოისმინოს, შეაფასოს, შეაჯეროს და შემდგომ მისცეს მსვლელობა ოფიციალურ პირებთან. ამ მიზნით აუცილებელია შეხვედრები, პროაქტიური კომუნიკაცია შესაბამისი მიმართულებით - ეს ეხება როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს და ყველა ინსტიტუციას, რომელიც საქართველოშია და პასუხისმგებელია პოლიტიკაზე, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მაგალითად, ეფექტიანობის თვალსაზრისით საქართველო ლიდერია რეგიონში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ჯობია. კარგია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და 70%-იანი ეფექტიანობიდან 80%-იან ეფექტიანობაზე გადავიდეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს 2030-ის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ.

ამასთან, მან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და დარწმუნებით აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება. "ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ. სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კრიტიკული პოზიცია, მაგრამ ის დამოუკიდებელია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მთავარია პროცესი წარიმართოს სამართლებრივად სწორად. დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი, ისე სხვა პოლიტიკური ძალის სასამართლოზე ზეწოლა. რაც შეეხება ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხს, ორი აზრი არ არსებობს, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, თუმცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცა აღიარებს იმას, რომ მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმულია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვიტა მესაკუთრეობასთან დაკავშირებული დავა, ისე როგორც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ. არსებობს სააპელაციო სასამართლო, არსებობს უზენაესი სასამართლო - დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ზედმეტი დრამატიზირება და გამწვავება, როცა გადადგმული არ არის არანაირი შემზღუდავი ნაბიჯი, არ არის სწორი. დღეისთვის ვინმე ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში? არსებობს ეჭვები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, საფუძველს მოკლებულია. მე დარწმუნებული ვარ, მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება", - აღნიშნა დუნდუამ.