ოთარ დანელიამ სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის განხილვა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო. შეხვედრაზე მინისტრმა, აგროდაზღვევის პროექტის სრულყოფის მიზნით, მხარეებს შორის თანამშრომლობის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების საკითხზე ისაუბრა და პროექტის ფარგლებში ფერმერისთვის/გლეხისთვის მაქსიმალური სარგებელის მიღების პრიორიტეტულობას ხაზი გაუსვა.  საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის განმარტებით, სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ერთგვარად შემაჯამებელი და საინტერესო სამომავლო თანამშრომლობისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ უწყებებს შორის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, დეტალურად გაეცნოს პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს, რაც ზარალის ანაზღაურების პროცესში პრობლემის შექმნის ალბათობას შეამცირებს.