ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა იწყება

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობა იწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და სამშენებლო კომპანია "ას-ინშაათ-ნ"-ს გენერალურმა დირექტორმა ნუშრავან ჯალილოვმა ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში ბოლო ათწლეულების განმავლობაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მოსახლეობას დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდება და ადგილობრივი მცხოვრებლები 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.  პროექტის ფარგლებში აშენდება სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილსადენი, გამანაწილებელი ქსელები და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სამშენებლო სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

ხელშეკრულების ღირებულება 40 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.