ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, აგრეთვე ის ცვლილებები, რომელიც შედის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს. ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მისიასთან თანამშრომლობით მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირებისა და შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. "ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მათთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები იყოს გარკვეული სტანდარტების შესაბამისი, რაც ასევე არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში მიღწეული და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში, მისიის წევრები საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებენ ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.