ბორჯომში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ბორჯომსა და სოფელ სადგერში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ყოფილი სანატორიუმის "მთის ხეობისა" და პანსიონატ "ბახტრიონის" მისასვლელ გზებზე, ასევე რუსთაველის ქ. №77 და აღმაშენებლის ქ. №28 ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტი დაიგება. სადგერის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მისასვლელ გზაზე კი გათვალისწინებულია არმირებული ბეტონის მოწყობა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ხორციელდება ძველი ამორტიზებული საფარის დემონტაჟი და მიწის მოსამზადებელი სამუშაოები.  პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარით ფინანსდება და მას შპს "ლუკრი" ასრულებს.

გამგებლის განმარტებით, გზებისა და ქუჩების მოწესრიგება ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.