თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შიდა ქუჩებს რეაბილიტაცია 1980 წლის შემდეგ არ ჩატარებია. გზები მწყობრიდან იყო გამოსული და მასზე გადაადგილება მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ქუჩების რეაბილიტაციის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1400 ოჯახი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს ქალაქის ქუჩებში მოძრაობას", - აცხადებენ სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს, ტაბიძის, თუმანიანის, გიორგი ბრწყინვალის, კოსტავას, ხერგიანის და თრიალეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულებულია თაყაიშვილის ქუჩისა და დაბა მანგლისში 3 წყალგამტარი მილხიდის რეაბილიტაცია. სამუშაოებზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული.  უწყების ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 379 873,00 ლარია. სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.