ბიძინა ივანიშვილი: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან ბევრი ყოფილი პროკურორია და არაფერი საქმე არ აქვთ ეკონომიკასთან

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან ბევრი ყოფილი პროკურორია და არაფერი საქმე არ აქვთ ეკონომიკასთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსთან და ამ პროცესში ეროვნული ბანკის ჩართულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვაზე - რატომ არ მოახდინა მან გადამზადებული ექსპერტების მეშვეობით კვლევის ჩატარება, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კვლევის ჩასატარებლად ციფრების ქონაა საჭირო. "ციფრებია ხელმიუწვდომელი. ის ახალი მონიტორინგის სამსახური, რაც ჩამოყალიბდა, რომელიც შემდეგ ისევ შეაჩერეს სასწრაფოდ, იქ შეიძლებოდა ჩვენ რეალურად დაგვენახა სურათი, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. ეს ეჭვები რომ არ დარჩენილიყო, ამისთვის ამ სტრუქტურის ამოქმედება ძალიან კარგი იქნებოდა. დღეს ახლა ისევ შეგახსენებთ თქვენც და მოსახელეობასაც, რომ როგორც დღეს გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე მთავარ ჟურნალისტად წარმოგვიდგება, ასვეა დღეს ეჭვები ეროვნულ ბანკზე. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან ბევრი ყოფილი პროკურორია და არაფერი საქმე არ აქვთ ეკონომიკასთან. მე ეჭვების დონეზე ვსაუბრობ ამ დროს და ვსაუბრობდი ყოველთვის ეჭვების დონეზე, რომ დროული არ იყო ჩართულობა. კვლევა რომ ჩაატარო, მთელი სურათი უნდა გქონდეს. ჩვენ სურათი არ გვაქვს და ძალიან ჭირს კვლევის ჩატარება. ამის დროც დადგება და ეს კვლევები ჩატარდება. არ მინდა, რომ დღევანდელი განცხადებით ახალი აჟიოტაჟი გამოვიწვიო, რომ ისე სჯობს, რომ ჩვენ დავენდოთ ეროვნულ ბანკს. ისევ სჯობს, რომ სტრუქტურებმა აგონ პასუხი, ვიდრე მე მათი კრიტიკა დავიწყო გარედან და ვთქვათ ისევ საქმე გავაფუჭო ამით, თუმცა არც თავის დროზე არ გამიფუჭებია. ისინი მიმანიშნებენ ამაზე, რომ თითქოს ჩემი გამოსვლებით ვაფუჭებ. დღეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ამ თემას თავიდან ნუ ავწევთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დევალვაცია მოხდა და ბევრი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. "რა თქმა უნდა, ის, რომ ასეთი დევალვაცია მოხდა და ბევრი მძიმე მდგომარეობაშია, ამაზე ფიქრობს ხელისუფლება, ვფიქრობ, მეც და არ გამოვრიცხავ, რომ პირადი დახმარება აღმოვუჩინო მათ, რომ ბიზნესში რამე მკვეთრი გადანაწილება... და არ მოხდეს გაკოტრება", - განაცახდა ივანიშვილმა კითხვაზე - ვის აღმოუჩენს დახმარებას, ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია. "ზოგადად, ძალიან მაწუხებს ეს თემა დევალვაციის ხარჯზე, ვისაც ჰქონდა კრედიტი აღებული და თავის დროზე ლარის კურსი იყო 2-ზე ქვემოთ და დღეს არის 2.40-თან ახლოს, თითქმის 30%-ით გაუძვირდათ მათ ეს კრედიტების მომსახურება. მე ამ თემებზეც ვმსჯელობ. ქუმსიშვილს გუშინაც შევხვდი და ამ თემებზეც გვქონდა საუბარი", - განაცხადა ივანიშვილმა.