კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ირანის რესურსები ჩვენს საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ირანის რესურსები გამოყენებული იქნას ჩვენს საკეთილდღეოდ, საქართველოში იქნას შემოტანილი, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ირანული გაზის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.  "ირანი ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომელიც დღეს უკვე მისაღებია; ასე რომ, ვთქვათ, ამ ქვეყანას დიდი რესურსები გააჩნია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი რესურსები გამოყენებული იქნას ჩვენს საკეთილდღეოდ, შემოტანილ იქნას საქართველოში შეძლებისდაგვარად, რომ იყოს უფრო მეტი კონკურენცია", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე - არის თუ არა ძვირი ირანული გაზი, კალაძემ აღნიშნა, აქ საუბარია კონკურენტუნარიან ფასებზე. "თუ იქნება კონკურენტუნარიანი ფასები მათი მხრიდან შემოთავაზებული, რა თქმა უნდა, მაშინ შესაძლებელი იქნება იყოს ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს სხვა მომწოდებლებს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ირანში ვიზიტს, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში შედგება.