გასულ წელს ევროკავშირმა 6 მილიარდ ევროზე მეტი არასწორად დახარჯა

2014 წელს ევროკავშირმა ბიუჯეტიდან 6 მილიარდ ევროზე მეტი არასწორად დახარჯა.

ევროკაშირის აუდიტის სამსახურის განცხადებით, გასულ წელს მთლიანი დანახარჯების - 142,5 მილიარდი ევროს - 4,4% არასწორად იქნა დახარჯული. 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიტორ კალდეირამ ევროკავშირს ბიუჯეტის უფრო პასუხისმგებლობით ხარჯვისკენ და ახალი მიდგომისკენ მოუწოდა.

„ევროკავშირის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ნორმას შეესაბამება, თუმცა ხარჯების ნაწილში შცდომები დაფიქსირდა, რომელმაც 4,4% შეადგინა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

ევროკავშირის ბიუჯეტის განკარგვისას ყველაზე დიდი შეცდომა ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური პროგრამა გახდა, რომლის ფარგლებშიც თანხები გამოიყოფა ევროპული სახელმწიფოების შედარებით ჩამორჩენილი რეგიონებისთვის. თანხების განკარგვისას შეცდომები იქნა დაშვებული ზრდისა და დასაქმების კონკურენტუნარიანობის პროგრამაში, რომელიც სოციალურად მნიშვნელოვანი და ეკონომიკური პერსპექტივის მქონე პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.