მცხეთა ინკლუზიური ტურიზმისთვის სრულად ადაპტირდება

მცხეთა ინკლუზიური ტურიზმისთვის სრულად ადაპტირებული იქნება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ სასტუმრო "რედისონში" ინკლუზიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე აღნიშნა, მცხეთის ადაპტირების პროექტი უკვე დასრულებულია.  მისივე თქმით, მომავალი წლიდან მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რაც დაასრულებს პროექტს და საქართველო მზად იქნება კიდევ ერთი ქალაქის მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღოს. "ინკლუზიური ტურიზმი ტურისტების თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სეგმენტია. ჩვენ საქართველოში ვმუშაობთ იმისათვის, რომ განვავითაროთ ტურიზმის ეს მიმართულება. მცხეთა ინკლუზიური ტურიზმისთვის სრულიად ადაპტირებული იქნება. ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად უკვე შევქმენით ინკლუზიური ტურისტული პაკეტები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოვიზიდოთ ის მრავალრიცხოვანი ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობებით არიან, თუმცა მათ აქვთ გადაადგილების და ჩვენს ქვეყანაში არსებული ტურისტული სერვისების მიღების სრული უფლება", - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო "რედისონში" ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, დედაქალაქის საკრებულოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინკლუზიური ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების წარმატებული მაგალითები, მეთოდოლოგიების, სტრატეგიებისა და მიმდინარე წლის სიახლეების გაცნობა და გაზიარებაა. კონფერენცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის ასოცირებული წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარსას" მხარდაჭერით იმართება.