საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების პროგრამას იწყებს

საქართველო და ევროკავშირი, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ENPARD-ის ფარგლებში, 3-მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს. ევროკავშირი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხვალ, ლაგოდეხში, სოფლის განვითარების ახალი საპილოტე პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.  საპილოტე პროექტი ლაგოდეხში საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაცია ETEA-ს ფონდის მიერ (ანდალუზიის რეგიონული განვითარების ფონდი) ხორციელდება.

ENPARD-ის ინფორმაციით,  მედიის წარმომადგენლები შეხვდებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს კახა ჯამბურიას, რომელიც აღნიშული პროექტის მიმართ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრებს. ღონისძიებას ასევე დაესწრება კაიდო სირელი, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, რომელიც ისაუბრებს ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სოფლის განვითარების კუთხით. მედიის წარმომადგენლები გაეცნობიან სოფლის განვითარების ინოვაციურ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომელთა გამოყენება წარმატებით განხორციელდა ლაგოდეხში, მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საველე გასვლაში საოჯახო სასტუმროებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დასათვალიერებლად სოფელ ლელიანში. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადგილობრივი ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა.

"პრეზენტაცია ლაგოდეხში არის გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის წარდგენას, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე", - აცხადებენ ENPARD-ში.

ამჟამად საქართველოში ხორციელდება ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ENPARD, რომელსაც 52 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი გააჩნია.