დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველო ციფრული მაუწყებლობის რეფორმის გატარების თვალსაზრისით რეკორდსმენებს შორისაა

საქართველო ციფრული მაუწყებლობის რეფორმის გატარების თვალსაზრისით რეკორდსმენებს შორისაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ რთული იყო, თუმცა სტრატეგიამ, რომლითაც საქართველომ იმოქმედა ციფრულ მაუწყებლობის დანერგვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორუმზე უამრავი მოწონება დაიმსახურა.

"საქართველო არის რეკორდსმენებს შორის სისწრაფით და ეფექტურობით ციფრული მაუწყებლობის რეფორმის გატარების თვალსაზრისით. ჩვენ წელიწადნახევარში მოვახერხეთ ის, რასაც ევროპული ქვეყნები ანდომებენ 7-8 წლის განმავლობაში. რეალურად, თვითონ პროცესი საკმაოდ რთული იყო. ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იმ სტრატეგიამ, რომლითაც ჩვენ ვიმუშავეთ, მრავალ ფორუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან მთელი პროცესი იყო გამჭვირვალე. ჩვენ შევქმენით როგორც სარეზერვო პლატფორმა, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, ასევე გავხსენით ბაზარი, რომელიც სრულად ლიბერალიზებულია და შემოვიდა კომერციული ოპერატორი. ეს იყო აბსოლუტურად ღია კონკურსი და ღია ტენდერი. დღესდღეობით ჩვენ გვყავს როგორც კომერციული ოპერატორი, ისე სახელმწიფო სარეზერვო ქსელი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდა ამ მიმართულებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. "ჩვენ 238 000 სოციალურად დაუცველს დავურიგეთ სეთ ტოპ ბოქსები და ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.