სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივა ჩავარდა

პარლამენტმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივა ჩააგდო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით წარდგენილ პროექტს მხოლოდ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც კანონპროექტის მიღებისთვის საკმარისი არ იყო.  კერძოდ, "საგადასახდო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ითვალისწინებდა. აღნიშნული საგადასახდო შეღავათი წყალმომარაგების ობიექტებზე 2015 წლის 1-ელ ივლისამდე ვრცელდებოდა და შესაბამისად, დაგეგმილი იყო ამ ვადის 6-წლით გაგრძელება.

კენჭისყრის დაწყების წინ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტით რაიონებს ერთადერთი გადასახადის – ქონების გადასახადის მიღების უფლება ეზღუდება, რაც პირადად მისთვის მისაღები არ იყო. ქუცნაშვილის აზრით, საკითხი მთავრობასთან დამატებით კონსულტაციებს საჭიროებდა.