სოზარ სუბარი: საქართველომ სირიელი მიგრანტებისთვის გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვენზე ეკონომიკურად წინ მდგომმა ქვეყნებმა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველო სირიელ მიგრანტებს უკვე იღებს. ამის შესახებს სუბარმა ევროპარლამენტის დეპუტატის, ანდრეი მამიკინსის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აზერბაიჯანულ გამოცემასთან ისაუბრა, რომ საქართველომ შესაძლოა სირიელი მიგრანტები მიიღოს. "ჩვენმა მეგობარმა ევროპარლამენტარმა გამოხატა თავისი სურვილი, რის საპასუხოდაც ვიტყვი, რომ ამას უკვე ვაკეთებთ. ამის შესახებ გუშინ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ბატონ მუჟნიევსკის როდესაც მივაწოდე ინფორმაცია, გაოცებული იყო ამ ციფრების ნახვით და თქვა, რომ გაცილებით განვითარებული ქვეყნები ამ ციფრებზე ვერ გადის და არ გადის. ჩვენ ცხადია ამას ვაკეთებთ ყოველგვარი ორმხრივი ვალდებულების გარეშე, ჩვენი ადამიანური ვალდებულებებიდან გამომდინარე, მაგრამ დიდი სიამოვნებით გვექნება დიალოგი ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რათა გავაცნოთ ის, რასაც ვაკეთებთ და ის, რასაც ვაპირებთ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო სირიაში, ერაყსა და უკრაინაში, საქართველომ გაამარტივა და დააჩქარა ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მიცემის პროცედურები და უმრავლეს შემთხვევაში, უარს არ ეუბნება მიგრანტებს ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე, თუ ძალიან სერიოზული ეჭვები არ არსებობს.  "4 ათასზე მეტი ლტოლვილი შემოვიდა. მათგან უმრავლესობამ საქართველო თვითონ დატოვა ანუ არ მოინდომა აქ სტატუსის მიღება, ხოლო ვინც დარჩა, იქიდან 1038-მა უკვე მიიღო თავშესაფარი შესაბამისი სტატუსით. უარი ეთქვა მხოლოდ 327-ს და 296 საქმე ამ წუთში არის განხილვაში. ამ 1038-დან ვინც მიიღო თანხმობა, ერაყელი არის 387, ესენი არიან იეზიდები და ქურთები. უკრაინიდან არის 273 ლტოლვილი, სირიიდან კი 49. სირიელების უმრავლესობამ თვითონ თქვა უარი სტატუსის მიღებაზე, რადგან მათ გეზი ჰქონდათ მაინც ევროპისკენ და საქართველოში როცა ჩამოდიოდნენ, გათვლა ჰქონდათ, რომ აქედან თავისუფლად მოხვდებოდნენ ევროპაში. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ საქართველო აღიარებულია როგორც უსაფრთხო ქვეყანად და აქ დამკვიდრების შემთხვევაში, არ ეძლევათ მესამე ქვეყანაში თავისუფლად გადასვლის საშუალება. ამის შემდეგ მათ თვითონ დატოვეს ქვეყანა", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეჭვები არსებობს, ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე მიგრანტს უარი მისდის.  "ჩვენ ამ ვალდებულებას ყოველგვარი კვოტების გარეშე ვასრულებთ, რადგან ვართ გაერო-ს წევრი ქვეყანა, ლტოლვილთა კონვენციას მიერთებული ქვეყანა და ელემენტარულად, გვაქვს ჩვენი ადამიანური ურთიერთობა და ვალდებულება სამივე ამ ქვეყანასთან. საუკუნეზე მეტია ჩვენთან ცხოვრობენ იეზიდები, ქურთები, ასურელები და ისინი ძალიან კარგი მოქალაქეები არიან. უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ჩვენი მეგობარი და სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყანაა. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ გამარტივებული და დაჩქარებული წესებით ვანიჭებთ ყველას ამ სტატუსს თუ რაღაც ეჭვები არ არის. ეჭვი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადამიანი არ არის სანდო უსაფრთოხების თვალსაზრისით ან მოდის მოტყუებით, რომ არ არის ლტოლვილი, არანაირი პრობლემა მას არ ჰქონდა და საერთოდ სხვა ქვეყნიდან არის. საქართველომ ამ მხრივ გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ჩვენზე ეკონომიკურად წინ მდგომმა ძალიან ბევრმა ქვეყანამ", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სტატუსის მინიჭებამდეც, რა დროსაც ადამიანი რეგისტრირდება როგორც თავშესაფრის მაძიებელი, სახელმწიფო მას უზრუნველყოფს 45-ლარიანი დახმარებით, რომელიც არის იგივე ოდენობის, რასაც იღებს საქართველოს დევნილი მოქალაქე. "ის ასევე სრულად ჯდება სამედიცინო დაზღვევის პაკეტში და სრულ სამედიცინო დაზღვევას იღებს სახელმწიფოსგან. მათ მიმართ ავამუშავეთ საინტეგრაციო პროგრამები როგორც განათლების სფეროში, ასევე სკოლამდელ აღზრდაშიც. ვეხმარებით თავშესაფრის თვალსაზრისით, ვქირაობთ ბინებსაც მათთვის. არის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მივცეთ თავშესაფარი, ხოლო ბინას თავადვე იქირავებენ რადგან მატერიალურად არ უჭირთ, თუმცა ამ წუთში იძულებულები არიან გამოიქცნენ სამშობლოდან. ამ მხრივ, ვალდებულებები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო, არის სერიოზული, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა და ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ამ წუთში 270 000 საკუთარი დევნილი ყავს თავისსავე ტერიტორიაზე", - განაცხადა სუბარმა.

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა. მისი მოსაზრებით, თბილისი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად მიიღებს.  "არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც", - განაცხადა მამიკინსმა. მისივე თქმით, ასოცირებულ ქვეყნებს არა აქვთ აღებული ვალდებულება, ლტოლვილთა მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ამიტომ საქართველოს, სხვა ასოცირებული წევრების მსგავსად, ამას ვერავინ აიძულებს. ამასთანავე, მამიკინმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა საკითხი ასოცირებულ წევრებთან ევროკავშირის დიალოგზე არ აისახება.