წელს უცხოური ინვესტიციები 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბებს

წლის ბოლოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება. ეკონომისტების პროგნოზით, მე-3-მე-4 კვარტალის მონაცემებში ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით თვალში საცემი ენერგეტიკის სექტორსა და მშენებლობაში უნდა იყოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 2015 წლის ორი კვარტალის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 530 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური მოცულობა უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, თუმცა ინვესტიციების სოლიდურობა ლარის კურსსა და უმუშევრობის დონეს არ დასტყობია. დღევანდელი მთავრობისთვის ორივე საკითხი მთავარი გამოწვევაა.

ინვესტიციებთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამაიმედებელია მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თანაინვესტირების ფონდი საქართველოში ამ ეტაპისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კაპიტალდაბანდებას ახოცრიელებს. პროექტების უმრავლესობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. ესენია: ჰიდროელექტროსადგური "მტკვარიჰესი", "ცხენისწყლისა" და "ონის ჰესების" კასკადი, რძის ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო, გალერეა თბილისი, სასტუმრო და გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში, "პანორამა თბილისი", სასტუმრო "აქსის თაუერი", მაღალი დონის კომპიუტერულ მონაცემთა ცენტრი. მიმდინარე პროექტებზე ინვესტიციების ნაწილი უკვე განხორციელებულია.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის პროგნოზით, წლის ბოლოს ინვესტიციების საერთო მოცულობა 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მთავრობის წევრების განცხადებების მიხედვით, საკმაოდ მასშტაბური ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ენერგეტიკის სექტორში. "ინვესტიციების პროგნოზის გაკეთება შეიძლება იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს. შესაბამისად, წლის ბოლოსთვის მათი საერთო მოცულობა მეტი იქნება, ვიდრე იყო წინა წლებში. აქ საუბარია ჰესების მშენებლობაზე, რომელზედაც მსხვილი თანხა იხარჯება. მარტო ეს კომპონენტიც კი უდავოდ გაზრდის ინვესტიციების მოცულობას. ოფიციალური პირების განცხადებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მესამე და მეოთხე კვარტალში საკმაო ოდენობით კაპიტალი შემოვიდოდა. წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა მინიმუმ 1,5 მილიარდი იქნება," - ამბობს ავთო სილაგაძე.

ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის განცხადებით, ამგვარი პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ქვეყნის ეკონომიკას ძალიან ბევრი პირდაპირი უცხოური კაპიტალი სჭირდება. "ინვესტიციებზე მოქმედებს ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ფაქტორი, ამიტომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. სასურველია, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. ამასთანავე, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ინტეგრირებას ევროკავშირში. ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებში იყოს აღქმა, რომ ამ ქვეყანაში მთავრობა არ ერევა მედიის საქმიანობაში, ბიზნესის საქმიანობაში. ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ინვესტორებზე", - ამბობს გიორგი ღაღანიძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს ორ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 530 მილიონი დოლარი შეადგინა, 2014 წელს კი - 1,7 მლრდ-ზე მეტი

. შარშან უმსხვილეს ინვესტორებს შორის ნიდერლანდები (26%-ით) ლიდერობდა, აზერბაიჯანი მეორე (24%-ით) იყო, ხოლო მესამე- ჩინეთი (15%-ით). ამ სამი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 65% შეადგინა. სამეულის შემდეგ ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა - 114 მილიონი დოლარი, შემდეგია ლუქსემბურგი- 85 მილიონი დოლარი. გარდა ამისა, ინვესტიციები გაზრდილია აშშ-დან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური კაპიტალი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო - 343 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27%-ია. მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა 174 მილიონი დოლარით. შემდეგ მოდის ენერგეტიკა - 87 მილიონი დოლარით და საფინანსო სექტორი - 78 მილიონი დოლარით.

ყველაზე მეტი საინვესტიციო მოლოდინი ენერგეტიკის სექტორშია, თუმცა უკვე რამდენიმე კვარტალია ამ დარგში ინვესტიციების მოცულობა იკლებს. რამდენიმე თვის წინათ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკის სექტორში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემოსვლაზე ისაუბრა. გამართლდება თუ არა ეკონომისტებისა და მთავრობის მოლოდინი, ამას დეკემბრის დასაწყისში გავიგებთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მე-3 კვარტალის მონაცემებს 9 დეკემბერს გამოაქვეყნებს. მე-4 კვარტალის საინვესტიციო მონაგარი კი 2016 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"