ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 27.4%-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების შესახებ ოქტომბრის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 89.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 215.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ოქტომბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე, 27.4 პროცენტით (34.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა. იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (36.0 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.6 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.8 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (7.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (5.0 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.1 მლნ აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.0 მლნ აშშ დოლარისა (29.9 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.