უამინდობამ "ენერგო-პრო ჯორჯიას" 430 ათასი ლარის ზარალი მიაყენა

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, უამინდობამ მათ სადისტრიბუციო ქსელს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. კომპანიის ინფორმაციით,  ზარალის საერთო ოდენობამ 430 000 ლარი შეადგინა. მათივე განმარტებით, რეგიონებში ძლიერი ქარისა და წვიმის, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის გამო, დაბალი და მაღალი ძაბვის ქსელში დაზიანდა საერთო ჯამში 385 საყრდენი ბოძი და 15 ძალოვანი ტრანსფორმატორი; გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებს ჰქონდა ადგილი მაღალი ძაბვის ქვესადგურში და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებზე; დაზიანდა 13 ქვესადგური და 17 გადამცემი ხაზი. ყველაზე დიდი ზარალი დაფიქსირდა ზემო აჭარის, გორის, ხაშურის, ჭიათურის, ახალქალაქისა და დმანისის მომსახურების ცენტრებში.

"სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მიღებული ზარალის საერთო ოდენობამ შეადგინა 430 000 ლარი. რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა ბრიგადებმა მაქსიმალურად მოკლე დროში, ოპერატიულად განახორციელეს დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ყველა გათიშულ რეგიონში. რეაბილიტაცია მიმდინარეობდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში; აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდა ორი დღე", - აცხადებენ კომპანიაში.

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ადმინისტრაცია მადლობას უხდის კომპანიის ყველა თანამშრომელს, კრიზისის დროს სწრაფი და ოპერატიული მუშაობისთვის.