ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურებს ექსპერტები დეკემბრის დასაწყისში დაასახელებენ

პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ექსპერტებთან დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ექსპერტების მხრიდან დეკემბრის დასაწყისისთვის დასახალებული იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კონკრეტული კანდიდატურები. ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.  "როგორც იცით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს ეწურება ვადა 2016 წლის თებერვალში. შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატი არის შესარჩევი, ანუ ქადაგიძის ადგილმონაცვლე ეროვნული ბანკის საბჭოში. ამ კუთხით გვქონდა კონსულტაციები ექსპერტებთან. მანამდე ბუნებრივია, იყო სხვა შეხვედრებიც, მაგრამ დღეს ექსპერტებთან შევიკრიბეთ სწორედ კრიტერიუმებზე სასაუბროდ. დაახლოებით ორი კვირის ვადაში, დეკემბრის დასაწყისში, ჩვენ შევთანხმდით ექსპერტებთან, რომ მათი მხრიდან უკვე იქნება დასახელებული კონკრეტული კანდიდატურები და ჩვენ უკვე დეკემბრის დასაწყისიდან გადავალთ კანდიდატურების შესახებ მსჯელობაზე", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სურვილია, რომ არა ერთპიროვნულად იქნეს კანდიდატურები დასახელებული, არამედ სურს ამ თვალსაზირისთ გაიზიაროს ექსპერტთა პოზიციები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები.  "ამ კუთხით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს ბატონი ქადაგიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ისევე როგორც ეს იყო გასულ წელს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან ბატონ ყაველაშვილთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პროფესიონალი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, ჰქონდეს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, კარგად აცნობიერებდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სიძლიერის მნიშვნელობას, ამავდროულად იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ რჩებოდეს კითხვის ნიშნები, პოლიტიკურ გავლენასთან მიმართებაში", - განაცხადა აბაშიშვილმა.