თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დაფინანსება 50 მლნ ლარით გაიზრდება

2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხდება თუ არა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და რა თანხები იქნება ამისთვის გამოყოფილი.

დავით ნარმანიას თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული განვითარების დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება, რადგან ზამთრის შემდეგ ძალიან ბევრი გზა მწყობრიდან გამოვა და მათ შეკეთება დაჭირდებათ.  "ეს არის გზები, რომლებიც 5-6 წლის წინ არის გაკეთებული და მათ ხარისხთან დაკავშირებით დღეს არსებობს პრობლემები. იქ გამავლობა ამ ეტაპზე მეტნაკლებად შენარჩუნებულია, მაგრამ ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ საკმაოდ ბევრ გზას დაჭირდება შეკეთება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვზრდით საგზაო მომართულებით დაფინანსებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.