"ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის №95 საბავშვო ბაღის შენობაში სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" პროექტის "ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა" პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მისი მოადგილე გიორგი სოლომონია, თბილისის ხელისუფლებისა და შესაბამისი სპეციფიკით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შესავალი სიტყვით კი ფონდის უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ გახსნა.

"ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ინფორმაციით, აღნიშნული მუნიციპალური შენობის ენერგოგაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიებებზე პრეზენტაციისას ისაუბრა პროექტის ავტორმა ზაალ ხელაძემ, რომელიც საქართველოში გერმანული კომპანიის "dagenbax lendskeip" წარმომადგენელია. "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც მიზნად აღნიშნული ბაგა-ბაღის ენერგოეფექტურ შენობად გადაქცევას ისახავდა, სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა.

"პროექტი "ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა" შერჩეული შენობის ენერგოეფექტური კარკასით და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტებით აღჭურვას ითვალისწინებს: ბაღის საინჟინრო სისტემებთან ინტეგრირებული მზის კოლექტორული სისტემა, სახურავის განათების თაღი, კარ-ფანჯრების და თბური ხიდების თბო და ჰიდროსაიზოლაციო მაჩვენებლების გაუმჯობესება, საქვაბესთან ინტეგრირებული ორანჟერიის მოწყობა მეორადი მასალებით, ვენტილირებადი საკედლე პანელის მოწყობა. პროექტის შედეგად შემუშავებული ენერგომონიტორინგის სისტემა ენერგიის ეკონომიის უზრუნველმყოფელ რჩევებს იძლევა.  ევროკავშირის მიერ ინიცირებული მერების შეთანხმებით (მას საქართველოს დედაქალაქი 2010 წელს შეუერთდა), თბილისის მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგიის ეფექტურობის ზრდასა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე. შეთანხმების მიზანია 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირება, რითაც წვლილი შეაქვთ მწვანე ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ შეთანხმების განხორციელების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.  კახაბერ გვანცელაძის თქმით, პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დეკემბერში დაიწყება, ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან შენობის ენერგოგაუმჯობესების ღონისძიებათა პრაქტიკაში დანერგვა რეალურ შედეგებს მოგვცემს", - ნათქვამია "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.