S&P-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი სტაბილური დატოვა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standard & Poor's საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში BB-/B დონეზე, პროგნოზით „სტაბილური" დაადასტურა.

როგორც S&P-ის ანგარიშშია აღნიშნული, რეცესია, რომელიც საქართველოს რეგიონულ პარტნიორებს შეეხო, ნეგატიურად აისახა ქვეყნის ექსპორტსა და ფულად გადარიცხვებზე, რამაც თავის მხრივ შეამცირა საქართველოს ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი იმავე დონეზე შენარჩუნდება, რაც 2015 წელს იყო. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაურკვეველობა, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს უკავშირდება, აისახება შიდა მოხმარებასა და ინვესტიციების შემოდინებაზე“, - აღიშნავენ Standard & Poor's-ის ანალიტიკოსები.

სააგენტოში ასევე მიიჩნევენ, რომ ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი ნეგატიური ფაქტორები კვლავაც შენარჩუნდება და საქართველოში ინფლაციის ზრდას გამოიწვევენ.

S&P-ის მონაცემებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ წელიწადში თითქმის 6%-ით იზრდებოდა.

„საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიანი ზრდის კარგი პერსპექტივა აქვს, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება კი კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება, რაც დადებითად აისახება სუვერენული რეიტინგის დონეზე“, - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

S&P-ის ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ ლარის მნიშვნელოვანი დევალვაცია დოლართან მიმართებაში საბანკო სექტორის აქტივების გაუარესებასა და დაკრედიტირების ზრდის ტემპის შემცირებას გამოიწვევს.