ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე მიწა-კლდისა და ლოდების მასის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა დაიკეტა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, ხულომდე მოძრაობა თავისუფალია, ხოლო, ხულოდან 5 კმ-ის ზემოთ გადაადგილება და 4 სოფელთან დაკავშირება შეუძლებელია.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე დაიწყო მძიმე ტექნიკის მობილიზება, რადგან განსაკუთრებით დიდი ზომის ლოდებია ჩამოსული. შესაბამისად, დღესვე, უმოკლეს დროში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.