"1 იანვრიდან თამბაქოს აქციზზე გადასახადის გაზრდა იგეგმება"

"იმპერიალ ტობაკოს" კორპორატიული დირექტორი ირაკლი ნადარეიშვილი სააქციზო პოლიტიკის გაუმჭვირვალობაზე, სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვის არქონასა და ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს.

ირაკლი ნადარეიშვილმა bpn-თან იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში თამბქოს ინდუსტრიაში არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატისა და გარემოს შექმნა, რომელიც უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი არის.

როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, აუცილებელია კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფო სექტორს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ისაუბროს იმაზე, თუ რა გეგმები აქვს. ბიზნესს ესმოდეს იმის შესახებ, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამა თუ იმ ინდუსტრიასთან მიმართებაში. რას უნდა ელოდოს ის, რამდენად სტაბილური იქნება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.

რაც შეეხება კონკრეტულ პრობლემებს, ნადარეიშვილის თქმით, მათი განხილვა სექტორულად უნდა ხდებოდეს, რადგან სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვა პრობლემატიკა აქვს.

"მე წარმოვადგენ ბრიტანულ თამბაქოს კომპანიას "იმპერიალ ტობაკოს". თამბაქოს ინდუსტრია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოს ბიუჯეტში. ჩვენ, დაახლოებით, 5%-დან 6%-მდე საბიუჯეტო შემოსავლების გენერირებას ვახდენთ. როდესაც ვლაპარაკობ ჩვენს პრობლემატიკაზე, აქ არის სააქციზო პოლიტიკის გაუმჭვირვალობა და სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი ხედვის არქონა, რაც ჩვენ ხელს არ გვიწყობს იმაში, რომ ქვეყანაში ინვესტირების მიმართულებით გრძელვადიანი გეგმები დავსახოთ. ასევე სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ამა თუ იმ ბიზნესის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ერთობლივ ხედვას არ იძლევა, რაც ასევე ძალიან რთულია, როდესაც ხდება გრძელვადიანი პროგნოზირება და ბიზნესის დაგეგმვა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა სექტორის აქვს სხვადასხვა პრობლემტიკა, რომელსაც აუცილებელია, რომ სახელმწიფო ინდივიდუალურად განიხილავდეს, უსმენდეს და გადაწყვეტილებას იღებდეს.

"აქცზის გაადასახადის გაზრდა იგეგმება, თუმცა ისევე როგორც წინა პერიოდში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გადასახადის გაზრდა იგეგმება უკვე 1 იანვრიდან, ანუ, დაახლოებით 5-6 კვირაში, თუმცა ჩვენ არ გავაქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განაკვეთებით მოხდება აქციზის გაზრდა, რა იქნება მისი ზრდის სტრუქტურა. გარდა ამისა, წლებია უკვე ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად შეიმუშავოს თამბაქოს აქციზის მინუმიმ 3-წლიანი განვითარების გეგმა, რაც ისევ და ისევ მოგვცემს საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპქტივაში დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. მიუხედავად ამისა, უახლოესი აქციზის ზრდაც კი ჯერჯერობით ჩვენთვის ოფიციალურად ცნობილი არ არის, რაც რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის და იმ საინვესტიციო გარემოსთვის არ არის ხელსაყრელი, რომელსაც თამბაქოს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში ახორციელებენ", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

კითხვაზე - არის თუ არა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ნადარეიშვილი აცხადებს, რომ კომუნიკაცია არის, თუმცა ინფორმაცია არ არის.

"ჩვენ ვხვდებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს, თუმცა ინფორმაცია ვიღებთ ძალიან გვიან, ძალიან მოახლოებულ პერიოდში, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ჩვენ თითქმის არ ვიღებთ არანაირი მონაწილეობას კონსულტაციებში. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილ ფაქტს და როგორც აღვნიშნე, საკმაოდ მოკლევადიან პერიოდში, ვიდრე უკვე მისი იმპლემენტაცია იგეგმება", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ნათია რუხაძე