საქართველოში 500 ათასი ქალი და ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 700-მდე ბავშვი იღუპება. ამასთანავე, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი კი არასრულფასოვნად იკვებება. როგორც გაეროს ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, არასრულფასოვანი კვება ბავშვებში იწვევს ზრდის და გონებრივი განვითარების შეფერხებას, წონის დეფიციტს, სიმსუქნესა და სხვა პათოლოგიებს.

მაია ქურციკიძე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შუალედური პოზიცია უკავია. ჩვენზე უარესი სიტუაციაა აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველოში, 2013 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 690 ბავშვი იღუპება. აქედან 600 პირველ 12 თვეში კვდება, მათგან დაახლოებით 390 - დაბადებიდან პირველ კვირაში. ამის მიზეზებია ინფექციები და რესპირატორული/სუნთქვითი პრობლემები. გაეროს 2015 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხლად შობილზე 12-ია.

- რაც შეეხება კვების დეფიციტს, რამდენი ბავშვი და ქალი განიცდის ამას და როგორია მისი შედეგი?

- საქართველოში რაიმე ფორმით კვების დეფიციტს 500 000-ზე მეტი ქალი და ბავშვი განიცდის, რაც აისახება არა მხოლოდ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე, შრომის ნაყოფიერებასა და, ამავე დროს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც მოქმედებს. არასწორი კვება არაგადამდები დაავადებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მოიაზრება. იგი მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების მიზეზი ხდება, რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. არასრულფასოვანი კვება იწვევს: ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტს, სიმაღლეში ზრდის შეფერხებას, წონის დეფიციტს ან, პირიქით, ბავშვთა სიმსუქნეს, განვითარების შეფერხებას, ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტს, იმუნოდეფიციტის გამო ხშირია ინფექციები, მოზრდილებში სიმსუქნე, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

- რომ განგვიმარტოთ, კვების დეფიციტში რა იგულისხმება და კვების დეფიციტის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი როგორია? ამ მხრივ კვლევები თუ ჩატარებულა?

- კვების დეფიციტი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას გულისხმობს, რაც ორგანიზმის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელია. კვების დეფიციტი იწვევს ორსულთა ანემიას, დაბადებისას არასაკმარის წონას, ახალშობილებში ნერვული მილის დეფექტს, ზრდაში ჩამორჩენას. რაც შეეხება კვების დეფიციტის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამ მხრივ კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. იუნისეფის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კვების დეფიციტის გამო ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 11% ზრდაში ჩამორჩენა აღენიშნება, ხუთ წლამდე ბავშვებში 23% - ანემია, ასევე ანემია არაორსული ქალების 24 და ორსულთა 25,6% აღენიშნება. ფოლიუმის მჟავის დეფიციტი კი რეპროდუქციული ქალების 36,6 პროცენტს დაუფიქსირდა. ფოლიუმის მჟავა რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ჩასახვამდე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფოლიუმის მჟავის დამატება ამ პერიოდში ნერვული მილის დეფექტის განვითარების სიხშირეს 50-70%-ით ამცირებს. რკინა ტვინის განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელი კომპონენტია და მონაწილეობს თავის ტვინის გარსების ფორმირებაში, ნერვული უჯრედების ზრდისა და დიფერენცირების პროცესში, ელექტროფიზიოლოგიური ნეირო-იმპულსების გადაცემის პროცესში, მისი ნაკლებობა კი იწვევს მეხსიერებისა და მეტყველების დარღვევას, კითხვისა და ლოგიკური აზროვნების პარობლემებს, ყურადღების დეფიციტს, შესწავლის უნარის დაქვეითებას, ქცევის დარღვევასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.

- კვების დეფიციტს როგორ უნდა ვებრძოლოთ? თუ არსებობს რეკომენდაციები კვების დეფიციტის ზიანის შესამცირებლად?

- კვების დეფიციტის შესამცირებლად გამოყენებულ ნაცად, დაბალხარჯიან ზომებს მიეკუთვნება: მოსახლეობის ინფორმირება სწორი კვების შესახებ, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, ორსულებისა და ახალგაზრდა დედების ინფორმირება, ქვეყნის მასშტაბით ფქვილის ფორტიფიკაცია რკინით და ფოლიუმის მჟავით და დედებისა და 6-24 თვის ბავშვების უზრუნველყოფა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გამდიდრებული საკვები დანამატით. ხორბლის ფქვილის რკინით გამდიდრება უკვე მრავალი წელია წარმატებულად ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ჩილეში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, უზბეკეთში, თურქმენეთში და სხვა. ანუ, მსოფლიოს 74-ზე მეტ ქვეყანაში.

ლიკა ამირაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"