რუსული გამოცემა რუს ტურისტებს ახალი წლის გატარებას ქუთაისში ურჩევს

ერთ-ერთი რუსული არხის 31TV-ის ვებგვერდი ადგილობრივ ტურისტებს საახალწლოდ იაფფასიანი დასვენების იდეებს სთავაზობს.

გამოცემა ტურისტებისთვის ერთ-ერთ იაფფასიან სამოგზაურო ქალაქად ქუთაისს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ ქალაქში მოგზაურობა სულ რაღაც 20 ათას რუბლად (დაახლოებით 310 დოლარი) არის შესაძლებელი.

„თუ ტურისტებისგან შორს, ბუნებასთან და სულიერებასთან ახლოს დასვენება გსურთ, მაშინ ამისთვის იდეალური ადგილი საქართველოს დასავლეთით მდებარე ქალაქი ქუთაისია. დათოვლილი მთების პანორამები, მონასტრები და ნამდვილი დინოზავრების ნაკვალევი - აი, რით არის განთქმული ეს ქალაქი. ქუთაისში შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით, უბრალოდ, ისეირნოთ ქალაქის ქუჩებში. თანაც, ახალი წლის ქუთაისში შეხვედრა შესანიშნავი საშუალებაა, თავი აარიდოთ ტრადიციულ რუსულ სალათებს, რომელსაც არანაკლებ გემრიელი კერძები - სუპხარჩო, ხაჭაპური, ჩურჩხელა და სხვა ქართული დელიკატესები შეცვლის“, - წერს ავტორი.