ნოდარ ხადური აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით უწევს. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა იმ პროგრამების მნიშვნელობას, რომელიც ფინანსთა სამინისტროში შეერთებული შტატების ხაზინის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მისი ერთ-ერთი პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" დახმარებით ხორციელდება.

შეხვედრაზე, ისაუბრეს მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის შესახებ (FATCA) აქტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე, რითაც საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს, რომელიც პარტნიორ ქვეყანას - აშშ-ს მისი მოქალაქეების მიერ გადასახადების დაფარვის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით ფინანსურ ინფორმაციას მიაწვდის.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.